ხმაური პარლამენტში - უნდა ჰქონდეს თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" კომერციული რეკლამის განთავსების უფლება?

  17:13:56     14-11-2017

პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები განიხილება, ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. 

"საზოგადოებრივი მაუწყებელს" სურს, რომ მას კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდეს, რასაც რეგიონული და ცენტრალური ტელევიზიების წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ.

მათ აინტერესებთ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ტელევიზიების მსგავს პირობებში იქნება, მათ შორის, რეკლამის განთავსების კუთხით, მაშინ რატომ აქვს ყოველწლიურად 50 მილიონიანი დაფინანსება.

„თუ თქვენ აქ არ მოგწონთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული ინფორმაცია, მე გარკვეული თვალსაზრისით ჩავთვლი, რომ ჩვენ წინ ნაბიჯი გადაგვიდგამს. იმიტომ, რომ იყო დრო, როდესაც უმრავლესობა თვითონ უკვეთავდა, რა უნდა გაეშუქებინა საზოგადოებრივ მაუწყებელს,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი გვიმრაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება არ უნდა ჰქონდეს და მისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განავითაროს ტელევიზია.

კომიტეტის სხდომაზე კამათი აღნიშნულმა განცხადებამ გამოიწვია და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ გვიმრაძის ფრაზის განმარტება ითხოვა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის თქმით, პრობლემა ადმინისტრირებაშია. 

მისი თქმით, თუკი ტელევიზია დაბალ რეიტინგს დაწერს, მაშინ ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს.

ტელეკომპანია „კავკასიას“ გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული გავლენით, მნიშვნელოვანი თემების დაბლოკვა მოხდება.