ალექსანდრე ჯეჯელავა: "აშშ-ში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ"

  11:47:37     14-11-2017

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში სადოქტოროზე სამუშაოდ გაემგზავრება. 

”ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე სადოქტოროს გასაგრძელებლად“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
მან ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს რჩევაც მისცა და განათლების სისტემაში ორი მთავარი გამოწვევა დაასახელა - სოფლისა და ეროვნული უმცირესობების სკოლებში მაღალკვალიფიციური მასწავლებლების საჭიროება და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე რაოდენობა.  განათლების ყოფილი მინისტრი შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ "ბევრი რამის სწრაფად და თამამად გაკეთება შეიძლებოდა".