გია ვოლსკი: აუცილებელი არ არის, შინაგან საქმეთა მინისტრს საპოლიციო წარსული ჰქონდეს

  18:54:16     13-11-2017

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში."პრესა.ჯი" პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ესაუბრა:

-პრემიერ-მინისიტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს ადმინისტრაციული რესურსის შემცირებას. როგორ აფასებთ  მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს  იმის გათვალისწინებით, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის პირობებში ადამიანები სამსახურებს და თანამდებობებს დაკარგავენ? 

-ჯერჯერობით იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც პრემიერმა განაცხადა. ყველაფერი გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. მაქსიმალურად უნდა იქნას ადამიანური ფაქტორი გათვალისწინებული ამ ცვლილებებისას. ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა. განცხადება პოლიტიკურად სწორია, თუ როგორ განხორციელდება, ამას თვალყურს მივადევნებთ.

-ახლა ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტმა შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნა. როგორ მოხდება ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის შემოტანა უკან და მოსალოდნელია თუ არა კიდევ ჩასწორებები უკვე არსებულ პროექტში?

-არა, ბიუჯეტს არსებული მთავრობა წარმოადგენს და სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდება, რაც კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, საერთო განწყობაა, მხარი უნდა დავუჭიროთ, ვინაიდან ოპტიმიზაციის გარდა, საუბარია მართვის სისტემის დახვეწაზე, რაც ახალი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა. თქვენ გახსოვთ, რომ საკმაოდ სერიოზული სტრუქტურული ცვლილებები მოხდა როგორც ძალოვანი სტრუქტურების, ასევე ჯანდაცვის და სხვა უწყებების სისტემაში. ასე, რომ ეს სიახლე არ არის. ამის თაობაზე განცხადებული იყო. ვფიქრობ, განხილვა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართება იმ კანონპროექტის, რომელიც აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებას ითვალისწინებს.

-ოპოზიცია აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრად წარდგენილი მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობის პერიოდში " საქართველოს რკინიგზის" მოგება სამჯერ არის შემცირებული, ხოლო რეალურად საქართველოს რკინიგზას ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მართავენ. აქვს თუ არა ოპოზიციის ამ ბრალდებას რეალური საფუძველი?

-ამას ბრალდება არ ჰქვია, არამედ სიცრუეზე აგებული დემაგოგია, რადგან გადაზიდვების შემცირება დამოკიდებული არ არის იმაზე, რუ როგორი მენეჯმენტი აქვს „რკინიგზას“, რადგან ეს მთლიანად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნილებების საფუძველზე ხდება. არც ერთი ხელისუფლება და არც "რკინიგზის" ხელმძღვანელობა დაინტერესებული არ არის იმით, რომ ქვეყანაში გადაზიდვების მოცულობა შემცირდეს. რაც ეხება პიროვნულად მამუკა ბახტაძეს, მე მას არ ვიცნობ, თუმცა მისი დახასიათება და მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია.

-გიორგი გახარიაზე რას იტყვით, რომელიც ეკონომიკის სამინიტროს მინისტრობიდან შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელ თანამდებობაზე იქნა წარდგენილი? 

-გიორგი გახარიას დიდი ხანია ვიცნობ, მისი მენეჯერული და ადამიანური თვისებები, ვფიქრობ, საკმაოდ შთამბეჭდავია იმისათვის, რომ ადვილად ვისაუბროთ მის ასეთ გადანაცვლებაზე. აუცილებელი არ არის, შინაგან საქმეთა მინისტრს საპოლიციო წარსული ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარია თავისი მონაცემებით სრულად შეესაბამება იმ პოსტს, რომელიც შესთავაზეს.

-როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებაში“ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, იგივე გარემოს დაცვის სამინისტროს, ვიქტორ დოლიძის სტრუქტურის გაუქმებასთან დაკავშირებით... თქვენი პოზიცია როგორია, იყო თუ არა საჭირო მსგავსი ცვლილებები?

-მე აზრთა სხვადასხვაობას არ დავარქმევდი, არამედ ნორმალური პროცესია, როდესაც ჩვენი გუნდი ერთი შეძახილის საფუძველზე არ იღებს გადაწყვეტილებას. სიღრმისეული ანალიზი გაკეთდა ამ ცვლილებების და ვფიქრობ, საინტერესო მსჯელობა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დარგების ხელმძღვანელებს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ იმისათვის, რათა ერთი უწყების სხვა უწყებასთან შეერთებით არ დაიკარგოს იმ კონკრეტული უწყების მნიშვნელობა და ამოცანები, რაზეც ყურადღებას ამახვილებთ.