"ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილება განხორციელდა"

  12:21:31     13-11-2017

საქართველოს პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს. 

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან სხვანაირად მთავრობის ცვლილება ვერ მოხდება.

მისი ვარაუდით, დეკემბრის შუა რიცხვებში მსჯელობა საკანონმდებლო ცვლილებებზე გაიმართება, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყება.

"ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ცვლილება განხორციელდა როგორც მთავრობის სტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე საკადრო გადაადგილების კუთხით. ცვლილებები არათუ აუცილებელი იყო, არამედ საზოგადოებას გარკვეული მოლოდინიც ჰქონდა, რადგან ამაზე გარკვეულ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია და ძალიან მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს პროცესი გააქტიურა და ფაქტობრივად, მომავალი წლის დასაწყისისთვის მთავრობა მუშაობას უკვე ახალი სტრუქტურით შეუდგება. ეს ცვლილებები აუცილებელია იმისთვის, რომ მთავრობის საქმიანობა ბევრად უფრო ეფექტური, უკეთ კოორდინირებული იყოს და მინიმალური რესურსების გამოყენება მოხდეს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.