"დავით ნარმანია ჩვენი გუნდის წევრად დარჩება... განიხილება სხვადასხვა ვარიანტი"

  15:42:39     10-11-2017

"დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შეჯამების შემდეგ გააკეთა. 
„ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში და ნამდვილად, ბევრი აქვს მას საამაყო,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დავით ნარმანიამ საკმაოდ დიდი განსაცდელი 13 ივნისის სტიქიის დროს გამოიარა.

„ძალიან დადებითიც იყო და ძალიან ემოციურიც იმიტომ, რომ ბევრი სატკივარი და სანერვიულო სტიქიასთან დაკავშირებით ჰქონდა და იმ ადამიანების სირთულეებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსხვერპლნენ და დაზარალდნენ სტიქიის შედეგად. ამის გარდა, დიდი სიამაყე დამეუფლა, მე პირადად, იმ მრავალ პროექტთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა,“ განაცხადა განათლების მინისტრმა.