არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ

  10:19:33     08-11-2017

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს). 

ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.