ირაკლი კობახიძე აშშ-ს საზერლენდ სპრინგში დატრიალებული ტრაგედიის გამო თანაგრძნობას უცხადებს

  10:54:53     06-11-2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს საზერლენდ სპრინგში დატრიალებული ტრაგედიის გამო თანაგრძნობას უცხადებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლენდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

გუშინ ტეხასში, ბაპტისტურ ეკლესიაში სროლის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო. 

მოგვიანებით, პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა.