დავით ბაქრაძე: ფაროსანას კომპენსაცია ბიუჯეტში ჩადებული არ არის

  13:17:47     03-11-2017

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული განხილვა დაიწყო, რომელიც კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. 

ბიუჯეტის პროექტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა და თანხა ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.

ოპოზიცია დოკუმენტს მხარს არ უჭერს. ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის აზრით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი არ არის მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერესებს მორგებული.

„მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც არაფრით არ ეხმარება მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს. არ იზრდება პენსია, სოციალური დახმარება, არ იმატებს დევნილების დახმარება. ბიუჯეტი არაფრით არ ეხმარება სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც დააზარალა ფაროსანამ იმიტომ, რომ არ არის ჩადებული ფაროსანას კომპენსაცია. ბიუჯეტი, რომელიც ვერ დაგვიცავს უმუშევრობისგან და ფასების ზრდისგან იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული გადასახადების დაწევა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.