საზღვრების პატრულირება აეროსტატებით

  10:53:52     19-05-2011

ინდოეთის თავდაცვის კვლევების და წარმოების ორგანიზაცია ახალი მრავალფუნქციური აეროსტატის შექმნას გეგმავს. აეროსტატი სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის იქნება განკუთვნილი. ინდოეთმა, მცირე ხნის წინ, უკვე შექმნა აეროსტატი „Akashdeep“, რომლის წარმოების ზოგიერთი ტექნოლოგია ამჯერადაც იქნება გამოყენებული. ახალ საფრენ საშუალებაზე მუშაობა სამხედროების სურვილით დაიწყო.

როგორც ვარაუდობენ, აეროსტატს მოძრაობა 450-500 კილომეტრის რადიუსში შეეძლება და სხვადასხვა ამოცანებს შეასრულებს. აპარატს შეეძლება დაზვერვის განხორციელება ღამის საათებში და ცუდი ამინდის პირობებშიც. ახალი აეროსტატი სამხედროებს, ძირითადად, საზღვრების პატრულირებისათვის გამოადგებათ.

როგორც ინდური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ინდოელი სამხედროები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიანი ქსელის შექმნას აპირებენ, სადაც გაერთიანდება აეროსტატები და თვითმფრინავები. 2005 წელს, ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ისრაელისაგნ სამი აეროსტატი იყიდეს, რომელიც ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, შტატ ფენჯაბიში გამოიყენება.