ვანო მერაბიშვილს საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი მიუტანეს

  17:18:21     01-11-2017

ვანო მერაბიშვილს საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი მიუტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას primetime.ge ავრცელებს.

გაზეთის ცნობით, უწყება ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს. ინფორმაციას მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილიც ადასტურებს.

"მისჯილი სასჯელებიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება. პროცედურულად, თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული დაკმაყოფილდება თუ არა დადებითად ეს საკითხი. უშუალოდ მსჯავრდებულის მოთხოვნას ეს მექანიზმი არ საჭიროებს", - ამბობს მერაბიშვილის ადვოკატი. 

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს და ყოფილი პრემიერმინისტრი და შს მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს. 
სტატიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის და ამავდროიულად ეგრეთ წოდებული უდოს კომისიის წევრის, გედევან ფოფხაძის კომენტარიცაა. კითხვაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერაბიშვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ კომისია, ფოფხაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით მერაბიშვილის საქმის განხილვა არ მოხდება და კომისია ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებით გამოიყენებს ისეთივე მიდგომას, როგორსაც იყენებს ყველა სხვა მსჯავრდებულთან მიმართებაში, თუმცა დასძენს, რომ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია და არ იცის კომისია რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. 

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება: 1.“აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე - 2 წელი და 3 თვე; 2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა - 3 წელი; 3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს - 4 წელი და 6 თვე; 4. მითვისება გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა - 5 წელი; 5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება - 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. პატიმრობის კოდექსის თანახმად, ე.წ. უდო ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსაჯვრებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.

მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ინფორმაცია 2017 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი შეიძლება გაზაფხულზე გაეთავისუფლებინათ.