ირმა ნადირაშვილი: არ ვაპირებ ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დავადანაშაულო

  16:31:33     01-11-2017

"როგორ ხდება, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში კამერების ჩანაწერები ქრება?!"

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნუცუბიძის ფერდობზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერები გაქრა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შემთხვევაში. 
ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობის მისამართით იკითხა, ამ ყველაფრის შემდეგ, რატომ არ სურთ განმარტებები შინაგან საქმეთა მინისტრისგან მოისმინონ. 

"არ ვაპირებ ამ ყველაფერში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დავადანაშაულო. ეს არის გამოძიების საგანი და მოთმინებით დაველოდები გამოძიებას, მაგრამ დღემდე არც ერთი ბოლომდე მისული გამოძიება არ მინახავს. მე აუცილებლად უნდა ვისაუბრო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობაზე. სამწუხაროა, რომ მომხდარიდან ძალიან მალე შს სამინისტრო გარდაცვლილის დისკრედიტაციას შეეცადა და ამ მიზნით განცხადება გაავრცელა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ადამიანებისგანაც კი მოვისმინე, რომ არსებობდა კამერების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ კამერების ჩანაწერების მხოლოდ ფრაგმენტები გვაჩვენეს და ძირითადი მომენტები, რასაც შეეძლო ამ ტრაგიკული შემთხვევისათვის ნათელი მოეფინა, ჩვენ ვერ ვნახეთ, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მასალის გამოქვეყნებამდე მოხდა ჩარევა და მონტაჟი, თუმცა ესეც აუცილებლად არის გამოძიების საგანი”, - განაცხადა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.