აჭარაში 65 წლის პაპა გაასამართლეს, რომელმაც 20 წლის შვილიშვილს ჩაცმულობისთვის სცემა

  13:26:51     01-11-2017

65 წლის მამაკაცი ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. განაჩენის თანახმად, „დაახლოებით 20:30 საათზე, ა. ფ-მ ჩაცმულობასთან და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახის წევრს, შვილიშვილს სხეულზე ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი“.

ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბაბუა იმავე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მან წარდგენილი ბრალი აღიარა და პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 

ვრცელდება ცნობა რუსთავში ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ. ძალადობაში ეჭვმიტანილი ბებია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.