მიკაილ კადიევის საკითხზე პარლამენტში არაფორმალური კონსულტაციების გაიმართება

  14:53:23     31-10-2017

დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის მიკაილ კადიევის საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. 

საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა მოითხოვა, კადიევის საკითხი კომიტეტის დღევანდელი ან შემდეგი სხდომის დღის წესრიგში ყოფილიყო შეტანილი, ვინაიდან სამოქალაქო აქტივისტს რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კი განაცხადეს, რომ დღეს ამ საკითხის განხილვისთვის მზად არ არიან და ოპოზიცია რომ მართლა დაინტერესებული ყოფილიყო კადიევის ბედით და მისი საკითხის  შესახებ  წინასწარ კონსულტაციებს გაივლიდა.

"სასამართლომ თუ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება და თქვენ ნამდვილად გული შეგტკიოდათ ამ საკითხზე, შეგვეძლო წინასწარი კონსულტაციები გაგვევლო და ერთად მოგვეფიქრებინა, რა ფორმით შეიძლებოდა ამ საკითხზე გვემსჯელა. მესმის, რომ თქვენი პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ინტერესიდან გამოვდივართ და ახალი თუ ძველი "ნაციონალური მოძრაობის"  დღის წესრიგით ვერ ვიმოქმედებთ",- მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ სერგო რატიანს. 

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ უმრავლესობა ასეთი მოუმზადებელი იქნებოდა და თუ ადამიანის უფლებათა კომიტეტისთვის მართლაც პრიორიტეტია ადამიანის უფლებები, ეს საკითხი თავად უნდა შეეტანა დღის წესრიგში. 

​საპარლამენტო კომიტეტმა კადიევის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი არ დაუჭირა და ამ თემაზე არაფორმალური კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდა. 

​​თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიკაილ კადიევი დევნილის სტატუსს მიღებაზე უარი უთხრა. 

დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რითიც ქართულმა მხარემ რუსეთის დაკვეთა შეასრულა. 

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.