რომან გოცირიძე: საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს

  16:10:03     30-10-2017

„საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს, უკვე გრძელდება ერთი წელიწადია და ახლა აპირებენ, მეორე სეზონის დაწყებას და ესეც გაგრძელდება ამ სასესიო პერიოდში" -

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კონსტიტუციაში შესატან ახალ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან მთავარ კანონში 4 პუნქტს შეცვლის.

რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება „უგუნურია“. 

„ეს არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, ანუ მიღებულ კონსტიტუციას უკვე ცვლიან იმის გამო, რომ ის არ ვარგოდა და ფაქტობრივად, ითვალისწინებენ მხოლოდ ნაწილს ვენეციის კომისიის შენიშვნებისა. ვენეციის კომისიას ჰქონდა უამრავი შენიშვნა. ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ფარსი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობა აპირებს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებებით გააუქმოს ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. 

ასევე, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ პროცესში ყველა მხარე ჩართული იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ხვალამდე დარეგისტრირდება.