არჩილ თალაკვაძე: ამ ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობა არ არის

  12:11:35     30-10-2017

"ამ ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობა არ არის". 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, პარლამენტი შს სამინისტროსთან მუდმივად თანამშრომლობს.

„ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს პროკურატურამ, პარლამენტის თავმჯდომარემ. დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. რეფორმებთან დაკავშირებით მუდმივად გვაქვს ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოპოზიცია შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს.
გასულ კვირას, თბილისში, ნუცუბიძეზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. 

ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.