დავით ჭიჭინაძე: ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა ვერ დამალა და თქვა, 3 დღეში 5 მილიონი ვიშოვნეო

  15:03:06     27-10-2017

არჩევნებიდან 6 დღის შემდეგ, ლარი ევროსთან მიმართებაში, მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.55 ლარია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი 2.60 ლარი.ექსპერტები ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათ შორის არის მოსახლეობის მოლოდინები, რადგან როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, წლის ამ მონაკვეთში ლარი ბოლო წლებია მუდმივად უფასურდება. ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურების გამო განმარტებებს მმართველი გუნდის ნაწილი  ეროვნული ბანკისგან ითხოვს.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დავით ჭიჭინაძეს ესაუბრა:

- ეროვნული ბანკისგან განმარტებების მოთხოვნამდე თუ გქონდათ რაიმე სახის კონსულტაცია და რა ინფორმაცია გაქვთ  ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. რატომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა?  

-ძალიან უცნაური იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ის კომენტარს არ გააკეთებს. ვფიქრობ, ხალხი სწორედ მის კომენტარებს ანიჭებს მნიშვნელობას, რომ გაერკვეს რა ხდება ვალუტასთან მიმართებაში. ქვეყანაში ყველაზე კომპეტენტური ორგანო ეროვნული ბანკია, რომელიც უნდა აანალიზებდეს, რატომ მყარდება, ან უფასურდება ეროვნული ვალუტა. თუ დინამიკას დავაკვირდებით, 2015 წლის ბოლოდან, როცა ლარი არასტაბილური გახდა, იქიდან მოყოლებული, ჩვენი კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები თითქმის გაორმაგდა. ეს მიანიშნებს, რომ ბანკები ხელს ითბობენ ეროვნული ვალუტის ცვალებადობაზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკი უნდა ფიქრობდეს, როგორ დაარეგულიროს ვითარება, რადგან რაც მეტს შოულობენ ბანკები, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბიზნესს აკლდება და არც ისე სახარბიელოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ლარის კურსის არასტაბილურობის მიზეზი?

- ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ განმარტება ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. არჩევნების მეორე დღეს, ლარის მყისიერი გაუფასურება,  ლოგიკაში არ ჯდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა შაბათს და ლარი გაუფასურდა კვირას. კვირა დღეს ეკონომიკური აქტივობა არ ხდება. ამის შემდეგ  ამ ყველაფერმა პანიკური სახე მიიღო.

-არაერთხელ მოგვისმენია სპეციალისტების განმარტება, რომ  ლარის მყისიერი გაუფასურება დაკავშირებულია სწორედ არჩევნებთან, რადგან საარჩევნო პროცესში ძალიან ბევრი ფული იხარჯება. თქვენც ასე ფიქრობთ?

-არჩევნებში არც ისე დიდი ფული დაიხარჯა, რომ ასეთი გავლენა მოეხდინა ვალუტის კურსზე. თანხებიც იყო დასახელებული და ფულის ეს რაოდენობა ვალუტაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა. იქიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში ფულადი მასა ტრიალებს, ძალიან მცირე ნაწილია ის, რაც საარჩევნო პროცესზე დაიხარჯა. 2015 - 2016 წლებში ლარის მყისიერი გაუფასურება და გამყარება ხდებოდა მაშინ "რიკო კრედიტის" ხელმძღვანელმა ვერ დამალა და თქვა,  3 დღეში 5 მილიონი ვიშოვნეო. "რიკო კრედიტი" ჩვენს ქვეყანაში დიდი ბანკი არ არის და ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ ბანკებმა საკმაოდ სარფიანი გზა მონახოს ვალუტის ცვალებადობით ფულის შოვნაზე. 

- ასეთ დროს რა როლშია მთავრობა და რა სახის პასუხისმგებლობა აკისრია მას?

-როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დებენ სხვადასხვა დასკვნებს, სადაც არ არის აღწერილი, რომ ვთქვათ ჩვენი მთავრობა აკეთებს რაიმე არასწორ ნაბიჯებს, იზრდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, შესაბამისად მოდის კრედიტები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მთავრობა თუ რამეს არასწორად აკეთებს, მაშინ კრედიტებიც არ მოვა, მაგრამ რადგან მოდის კრედიტები ე.ი. მთავრობა მუშაობს სწორად. აბა როგორ შეიძლება ეროვნული ბანკის, ქვეყნის პირველი ბანკირი იძახდეს, რომ მე კომენტარს არ გავაკეთებ. ეს უკვე ისეთი კომენტარია, რომელიც მოსახლეობაში პანიკას იწვევს.