"ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ შედეგი გამოიღოს"

  11:04:18     26-10-2017

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, 2020 წლისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის გაძლიერება და 20 კონკრეტული წინადადების შესრულება იგეგმება.

როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიას, თანამშრომლობას ეკონომიკასა და ვაჭრობაში, ადამიანის უფლებებს და კანონიერების დაცვას.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური ან სფეროების გადანაწილების საკითხი. ჩვენი მიზანი, მოქალაქეების ცხოვრებაში რეალურად პოზიტიური ცვლილებების შეტანაა. ეს არის პარტნიორობა თანამშრომლობისთვის და არა რაიმეს წინააღმდეგ. ეს არის პარტნიორობა ეკონომიკისა და ვაჭრობის კუთხით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის. ყველა ეს საკითხი მომავალი სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული, რათა 2020 წლისთვის მათ შესრულებას მივაღწიოთ. ეს ამბიციური პროგრამაა და მისი წარმატებისთვის თქვენი დახმარება და საერთო ძალისხმევაა საჭირო. ჩვენ პარტნიორები ვართ. ჩვენ თქვენ გვჭირდებით, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამამ შედეგი გამოიღოს," - განაცხადა მოგერინიმ.