გია ვოლსკი: ჩემი ნათქვამი „გოგო“ გენდერულს არაფერს გულისხმობდა

  18:14:53     24-10-2017

„ჩემი ნათქვამი „გოგო“ გენდერულს არაფერს გულისხმობდა“, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ Presa.ge-სთან საუბრისას განაცხადა. 

- გენდერული თანასწორობის საბჭომ ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განიხილა, სადაც თქვენ კოლეგის მიმართ კონკრეტული გამონათქვამის გამო ეთიკის ნორმების დარღვევაში დაგადანაშაულეს. იცით ამის შესახებ?


- კი, როგორ არა. 

- რა რეაქცია გქონდათ, ან ბოდიში თუ მოუხადეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი დასჯის სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს? 

- სამართლებრივი ბერკეტი არა, მაგრამ არსებობს მორალური ბერკეტი. ჩემი ნათქვამი „გოგო“გენდერულს არაფერს გულისხმობდა. ამ სიტყვაში მე ვგულისხმობდი ქცევის მანერას და დამოკიდებულებას კოლეგის მიმართ. როდესაც ვსაუბრობ, არ შეიძლება პარალელურ რეჟიმშ ყვირილი, მაღალ ხმაზე ლაპარაკი, რადგან რეგლამენტით დეპუტატს აქვს თავისი დრო გარკვეული კომენტარის გასაკეთებლად. სიტყვა „გოგოც“ სწორედ სალომე სამადაშვილის ქცევის მანერას ახასიათებს, რომელიც პატარა ბავშვებისთვის უფროა დამახასიათებელი. როდესაც ასე იქცევი პარლამენტარი, კოლეგამ შეიძლება ქცევის გარკვეულ ფორმაზე მიგითითოს. 

- თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან მას ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ჰქონდა მაღალი ხმების რაოდენობა, თუმცა შემაჯამებელ ოქმებში დაბალი მონაცემები დაუფიქსირდა. ანალოგიურ განცხადებებს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც აკეთებენ. რეალურად რასთან გვაქვს საქმე?

- იმდენი მექანიზმი არსებობს ნებისმიერი საჩივრის განხილვის, მათ შორის სასამართლო, რომ მე პრაქტიკულად არ შეიძლება კონკრეტული პასუხი მქონდეს. ერთია, რომ გამორჩეულად პოზიტიურია საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები და საზოგადოებაც კარგად ხედავს განსხვავებას იმ დროსთან შედარებით, რაც თუნდაც გიორგი ვაშაძის ზეობის პერიოდშ არსებობდა საქართველოში.  

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში აუცილებელია გარკვეული ცვლილებები, რომელიც მოაწესრიგებს საარჩევნო უბნებზე, ან უბნებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების საქმიანობას. როგორც ვნახეთ, ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაც საკმაოდ კრიტიკული იყო. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ უმრავლესობაში აღნიშნული საკითხი იქნას განხილული?

- ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.საარჩევნო თემატიკა არის ჩვეულებრივი, ცოცხალი პროცესი. მსჯელობა სამომავლოდ ყველაფერზე შეგვიძლია, თუკი ვინმე კონკრეტულ არგუმენტს წარმოადგენს იმის საწინააღმდეგოდ, რომ კონკრეტული ქცევის წესი ხელს უშლის საარჩევნო პროცესს. ყველამ კარგად ვნახეთ რაზეა საუბარი - ეს არის კანონით გათვალისწინებული ქმედება, თუმცა საუბარი ამ თემაზე შესაძლებელია. თუ შევთანხმდებით, რომ კონკრეტული ნორმა, რომელიც მოქმედი კანონით აკრძალული არ არის და რაიმე სახის ზეგავლენას ახდენს არჩევნების პროცესზე, შეიძლება მსჯელობა. რაც 21 ოქტომბრის არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, იქ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა.