თამაზ მეჭიაური: ზაქარია ქუცნაშვილი ვა-ბანკზე მიდის

  15:45:59     24-10-2017

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური თიანეთში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს უკავშირებს.

როგორც თამაზ მეჭიაურმა საია-სთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაქარია ქუცნაშვილის ინტერესებში შედის, რომ ”ქართული ოცნების” კანდიდატი გავიდეს და საკუთარი პოზიციები გაიმყაროს თიანეთში. 

”რაც ხდება თიანეთში, ვინც ამ მარაზმს აკეთებს, არის ზაქარია ქუცნაშვილი. მისი ინტერესი ამ რაიონში არის ცალსახა. მას აქვს ფინანსური და ბიზნესინტერესები და თუ რაიმე სტრატეგიული არსებობს, ყველაფრის დასაკუთრებას ცდილობს. ქუცნაშვილის სამოურავოა, ის ამ ყველაფრის შენარჩუნებას ცდილობს და მიდის ვა-ბანკზე”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ”დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”, რომელმაც თიანეთის მე-20 უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რეალურად ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 

”ჩვენ ვითხოვთ იმ განკარგულების ბათილად ცნობას, რომლითაც გაბათილებული ბიულეტენები სრულიად უკანონოდ აღადგინეს. ახლა როცა მიხვდნენ, რომ პროცესი შესაძლოა წააგონ, ქუცნაშვილთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციით შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, რომ მთლიანად უბნის შედეგების გაუქმება მოხდეს”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.