ავიადარტყმას სირიაში 14 ადამიანი ემსხვერპლა

  10:13:09     24-10-2017

სირიაში განხორციელებულ ავიადარტყმას სულ მცირე 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაიერიში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დეირ-ალ-ზორში სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად უბანზე მიიტანეს. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმა აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავებმა განახორციელეს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.

ამასთან, ბრიტანეთში ბაზირებულ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ დაუდგენელია, რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა იერიში. უფლებადამცველების მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 22 ადამიანი.

დეირ-ალ-ზორში სირიის არმია რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს.