გია ჟორჟოლიანი: თიანეთის შემთხვევა არის გამონაკლისი, როცა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს

  13:27:36     23-10-2017

"თიანეთის შემთხვევა არის გამონაკლისი, როცა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს". 

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,  გია ჟორჟოლიანმა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ამ კითხვებს პასუხი გაეცემა.

"ნამდვილად ეს არის გამონაკლისი, დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად. აქ ნამდვილად არის კითხვები დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

​თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში, 20-ვე ვე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და "ქართული ოცნების" კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდიდატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა).