„კალაძის წარსულის შეცდომები არ იძლევა საფუძველს, ვისაუბროთ მის სახელმწიფო მოღვაწედ გადაქცევაზე“

  13:00:34     23-10-2017

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

„პრესა.ჯი“ არჩევნების შედეგების შესაფასებლად პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს დაუკავშირდა. 

- როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს? 

- შედეგებით არც თუ ისე  კმაყოფილი  ვარ, დემოკრატიისთვიის ნამდვილად კარგი იქნებოდა მეორე ტურის ჩატარება, მაგრამ  სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. 
რეალობა არის ის, რომ არჩევნებზე ამომრჩევალთა ნახევარზე ნაკლები გამოცხადდა, ეს იმის გამო მოხდა, რომ მოსახლეობას ნიჰილისტური დამოკიდებულება გააჩნია საარჩევნო პროცესის და პოლიტიკური პარტიების  მიმართ. 

საარჩევნო პროცესს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია,  როცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“,  შემოწირულობების 92%-ზე მეტს იღებს ხშირად, რამდენიმე დღეში დაარსებული სამეწარმეო სუბიექტებისგან, რომლებმაც ტენდერში გაიმარჯვეს. 

აქედან გამომდინარე, არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მერობის კანდიდატებიც. 

- როგორია თქვენი წინასწარი პროგნოზი, როგორ გაართმევს თავს კალაძე მერობას?

- კალაძის შესახებ ჩვენ კარგად ვიცით რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად: მისი ცოლისძმა, რომელსაც არანაირი კონპეტენცია არ ჰქონდა,  თბილისის მერიაში ერთ-ერთი სამსახურის უფროსად დაინიშნა, შესაბამისად, ის მაღალ პრემიებსა და დანამატებსაც იღებდა. აქედან გამომდინარე, თვითონ კალაძე  უწყობდა ხელს ნეპოტიზმის პოლიტიკას. 

მეორე შემთხვევად მასთან დაკავშირებით უნდა დავასახელოთ კორცხელის ინციდენტი, კალაძე ხელს აფარებდა იმ ადამიანებს,  ვინც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, როდესაც ჟურნალისტებმა კალაძეს აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან ისინი ნაძირლებად მოიხსენია. 
პოლიტიკური სოციოლოგიის ავტორის მიერ ნათქვამი ცნობილი გამოთქმა არსებობს, „როგორიც არის ადამიანი, ისეთივეა მის მიერ განხორციელებული პოლიტიკაც“.  

თუნდაც ამ ორი მაგალითიდან, ნეპოტიზმის მფარველობიდან და ჟურნალისტებთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კალაძე ვერ იქნება კარგი მერი.

- კალაძეს, როგორც პოლიტიკოსს, როგორ შეაფასებდით?

- საქმე ისაა, როგორ პოლიტიკოსად აღიარებს კალაძეს ხალხი, მთავარია, გადაიქცევა თუ არა ის სახელმწიფო მოღვაწედ, განსხვავება ამ ორს შორის გახლავთ ის, რომ პოლიტიკოსი ყოველთვის ფიქრობს მომავალ არჩევნებზე, სახელმწიფო მოღვაწე კი მომავალ თაობაზე. 

კალაძის წარსულის შეცდომები სამწუხაროდ  არ იძლევა საფუძველს,  ვისაუბროთ მის სახელმწიფო მოღვაწედ გადაქცევაზე. თუ კალაძე საარჩევნო დაპირებებს შეასრულებს, მე მას წარმატებას ვუსურვებ! თუ ის ნარმანიას პოლიტიკას გააგრძელებს, რა თქმა უნდა, წარმატებას ვერ მიაღწევს. 

- თქვენი აზრით,  მისი  გამარჯვების უმთავრესი მიზეზი რა იყო?

- უმთავრესი მიზეზი გახლავთ ის ფაქტი, რომ შემოწირულობერბის 92% მოდიოდა „ქართულ ოცნებაზე“, მათ დაახლოებით 10 მილიონი ლარი დახარჯეს წინასაარჩევნოდ. გარდა ამისა, იყო სხვადასხვა შემთხვევები, მაგალითად, გამოცხადდა მობილიზაცია ყველა მხარდამჭერის, სხვადასხვა უბნებზე იყვნენ მათი აქტივისტები,  რომლებიც აფიქსირებდნენ მათ, ვინც მოვიდა და არ მოსულა. საქმე ეხებოდა მათ პოტენციურ მომხრეებს. 

დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა რეგიონებში, როცა მოსახლეობას თანხას და პროდუქტებს ურიგებდნენ ხმების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვერ დავამტკიცებ თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც.  ეს ხდებოდა განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ამას დავამატებდი მასმედიის წარმომადგენლების ლოიალურ დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ.