ალეკო ელისაშვილი- უბნებთან დგანან შავებში ჩაცმული ადამიანები საწერი კალმებით, ფურცლებით და სიებით

  13:55:31     21-10-2017

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ელისაშვილის თქმით, მის შტაბს ათეულობით დარღვევის ფაქტზე აქვს ინფორმაცია, რომელიც ახლა მოწმდება.

„დილიდან თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც წინა ხელისუფლების დროს საშინლად არ მოგვწონდა და გვაცოფებდა ხოლმე. დღეს ხდება თბილისში შეხვედრა წარსულთან. ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან შავებში ჩაცმული ადამიანები, აფორიაქებული სახეებით, საწერი კალმებით, ფურცლებით, სიებით, დაარბენინებენ აქეთ-იქით საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, გაშმაგებულები ეზიდებიან ხალხს კოორდინატორები, უზარმაზარი ადმინისტრაციული მანქანა არის დაქოქილი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდამჭერები მოიყვანონ საარჩევნო უბნებზე. რა თქმა უნდა, ამის ორგანიზატორია ხელისუფლება, „ქართული ოცნება“. სწორედ ეს არ მოგვწონდა თითოეულ ჩვენგანს წინა ხელისუფლების დროს, რომ ასე არჩევანის უფლებას აკარგვინებდნენ მოქალაქეებს. ათეულობით ფაქტი გვაქვს დაფიქსირებული, მოდის ინფორმაციები, რომ არის „კარუსელების“ მცდელობა და ახლა ჯგუფებია გასული ამ ფაქტების გადასამოწმებლად. არაერთი საჩივარი დაწერეს ჩვენმა დამკვირვებლებმა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი ქმედებები მოწმობს იმას, რომ მმართველ გუნდს მეორე ტურის ეშინია.