პაატა დავითაია: უბნის გარეთ ადამიანებს ამომრჩევლები აჩვენებენ, თუ რა ნომერი შემოხაზეს

  13:20:38     21-10-2017

არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე მიუთითებს. 

როგორც "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა, ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ დარღვევებთან დაკავშირებით.

"მე დავასახელებ უბნებს, სადაც ხდება ზეწოლა საარჩევნო კომისიის წევრებზე. უბნის გარეთ ადამიანებს ამომრჩევლები აჩვენებენ, თუ რა ნომერი შემოხაზეს, გარკვეულ უბნებზე არამარკირებული ადამიანების ჯგუფები შედიან. ეს საარჩევნო უბნებია: #49, #54 და #34 ისანში, ვაკეში #40, #48 #61 უბანი, მუხიანის 96-ე უბანი. ფაქტობრივად, თბილისის მასშტაბით ხმის მიცემის ერთიანი კონტროლი მიმდინარეობს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.

დარღვევებზე საუბრობს "ერთობა - ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც.

"ვაკეში, სადაც ხმა მივეცი, ჩემს თვალწინ დაფიქსირდა ორი დარღვევა. კომისია არ ეხმარება ამომრჩეველს, რომ იპოვოს თავისი თავი სიაში. კომისიებს აქვთ მოწყობილობა, რომლითაც ამომრჩეველს შეუძლია პირადი ნომრით იპოვოს თავისი თავი სიაში. ჩემი მითითების მიუხედავად, კომისიის წევრები დახმარების გაწევაზე საკმაო წინააღმდეგობას გვიწევდნენ. მოვუწოდებ ცესკოს, კომისიებს განუმარტონ, რომ მათი ვალდებულებაა, ამომრჩეველს დაეხმარონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.