რა ხდება მარნეულში და რას ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან გაჯიევი?

  13:15:29     21-10-2017

მარნეულში საარჩევნო პროცესი დილიდან ინციდენტებით დაიწყო. 26-ე საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი არ შეუშვეს, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა და ამ ეტაპისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

„პრესა.ჯი“ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატს, „ქართული ოცნების“ წევრ რუსლან გაჯიევს დაუკავშირდა: 

- დილიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ მარნეულში 8 საარჩევნო უბანი იყო პრობლემური. ამჟამად როგორი ვითარებაა მარნეულის საარჩევნო უბნებზე და როგორ შეაფასებთ არჩევნების მიმდინარეობას? 

- ნორმალურად მიდის არჩევნების პროცესი, არანაირი დაპირისპირება და პრობლემა არ არის. შეიძლება ერთ უბანში, ლეჟბადინში 42-ე უბანში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია და არცერთ საარჩევნო უბანში არანაირი პრობლემა არ შეიმჩნევა. მე პირადად სოფლებში ვმოძრაობ და ამ დრომდე არანაირი ექსცესი არ მომხდარა. 

- რა იყო პრობლემის მიზეზი, რის გამოც „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლები საარჩევნო უბანში არ შეუშვეს? 

- კომისიის წევრებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ზუსტი ინფორმაცია არ ვიცი, რის გამო მოხდა, მაგრამ ამ დროისთვის იქ არანაირი პრობლემა არ არის. 

- „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის დაჭრასთან დაკავშირებით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შიდაპარტიული დაპირისპირების გამო მოხდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? 

- არანაირი შიდაპარტიული დაპირისპირება არ ყოფილა და არც გუშინ ყოფილა დაძაბულობა. კი ბატონო, მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და იმედია, ზუსტი პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მალე იქნება. 

- მარნეულის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველო“ ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ჰყავს თუ არა მას სერიოზული კონკურენტი ოპოზიციის მხრიდან? 

- მე არ ვიცი, რა არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, თუმცა, ეს ხდება სხვადასხვა ადგილებიდან. „ქართული ოცნების“ კანდიდატს სწორი პოზიცია აქვს და მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 

არა მგონია, რომ არჩევნების დასრულებამდე, რაიმე ცუდ ფაქტს ჰქონდეს ადგილი. ყველაფერი იქნება დემოკრატიულ ჩარჩოებში. 

- როგორია ამომრჩევლის განწყობა და აქტივობა? 

- ამომრჩევლის განწყობა ნორმალურია, ამ დროისთვის, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ხმა მისცა უკვე 13 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა. მთლიანდ მარნეულში 89 ათასი ამომრჩეველია.