აზერბაიჯანი იარაღის წარმოებას აგრძელებს

  10:49:10     18-05-2011

აზერბაიჯანი, უკრაინიასთან ერთად, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების „სკიფის“ და „ბარიერის“ წარმოებას იწყებს. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძრვანელობაზე დაყრდნობით იუწყება. შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკრაინულ კომპანია „ლუჩთან“ სპეციალურ კონტრაქტს ხელი მოეწერება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოების შესახებ მოლაპარაკებები სამხრეთაფრიკულ კომპანია „დენელთან“ მიმდინარეობდა, თუმცა მათ მიერ წარმოდგენილი პირობები აზერბაიჯანულ მხარეს არ მოეწონა. შედეგად, მოლაპარაკებები უკრაინულ „ლუჩთან“ დაიწყო, რაც წარმატებით დასრულდა. აზერბაიჯანელი სამხედროების შეფასებით, უკრაინული კომპლექსის ერთ-ერთი ღირშესანიშნაოობა ის არის, რომ რაკეტების დაყენების შესაძლებლობა ვერტმფრენებზე და სხვა ტექნიკაზე აქვს. 

მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ-ბელორუსული მცირე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, ტე-38 სტილეტის შეძენით დაინტერესდა. ეს კომპლექსი რუსული „ოსა-აკაემის“ ბაზაზეა შექმნილი. ამ დროისათვის, მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ თავდაცვის უწყებასა და ბელორუსულ კომპანია „ტეტრაედრს“ შორის მიმდინარეობს.