საია: ყიზილაჯლოში მომხდარი არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა

  10:56:31     20-10-2017

„ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. საია მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს. 

„წინასაარჩეევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებით იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამოძიება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საია-ს თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია და ახლა მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს მოტივი. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან დროულ გამოძიებას ელოდებიან.