„13 მილიონი ლარის შემოწირულობიდან 11 მილიონზე მეტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“

  09:52:30     18-10-2017

ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო წინასაარჩევნოდ - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში, აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.

დოკუმენტის მიხედვით, პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში თითქმის 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს. აქედან მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ 11 მილიონნახევარზე მეტი მოდის.

მილიონ ლარამდე აქვს შემოწირული „ევროპულ საქართველოს“ - სიაში რიგით მესამე - თითქმის ასი ათასი ლარით - „ნაციონალური მოძრაობაა.“ გაცილებით მოკრძალებულია დანარჩენი პარტიებისთვის შეწირული თანხა.

დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზეა დაბარებული 31 შემომწირველი პირი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა.

პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს ოპოზიცია.

„ეს 12 მილიონი არის ის ფული, რომელიც ხელისუფლებამ უკანონო ტენდერებით გაასესხა. ეს არის ნაწილი ბიზნესმენების, რომლებსაც ისინი უბრალოდ ამ ფულს ართმევენ, ჩვეულებრივი გამოძალვაა სამთავრობო. ეს არის პოლიტიკური კორუფციის უმარტივესი, პრიმიტიული სქემა, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ მუშაობს,“-აცხადებს „ენმ“-ს წევრი ნიკა რურუა.