ვინ მოაწერს ხელს ახალ კონსტიტუციას?

  14:35:19     17-10-2017

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, გაჩნდა შეკითხვა, თუ ვინ მოაწერს ხელს ვეტოგადალახული პროექტის ამოქმედებას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის პრეროგატივაა. 

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არ ეთანხმება კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის იმ მუხლებს, რომელიც მან პარლამენტს შენიშვნებით უკან დაუბრუნა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ კონსტიტუციის ამოქმედებას დაეთანხმება.

​როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პრეზიდენტის პირადი პოზიცია ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას ხელს ვერ შეუშლის. 

"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს საკონსტიტუციო ცვლილებებს. მთავარია, რომ ის აუცილებლად შევა ძალაში", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტს აქვს ვადა კიდევ ერთი კვირა, თუმცა ეს არის ტექნიკური საკითხი. მთავარია, რომ ის აუცილებლად შევა ძალაში მას შემდეგ, რაც გავა რამდენიმე დღე და დასრულდება შესაბამისი ფორმალური პროცედურები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს არ მოაწერს, მასზე ხელმოწერის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეზე გადადის. 

"დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ იმ მოლოდინთან დაკავშირებით,  მოაწერს თუ არა  გიორგი მარგველაშვილი ხელს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

"წინასწარ არ შევაფასებ არშემდგარ მოვლენას. მთავარი არის ის, რომ ეს ცვლილებები მიღებულია ისეთი მაღალი მხარდაჭერით, რომ მე ვფიქრობ, ამ პროცესმა თავისი პოლიტიკური და სამართლებრივი შინაარსი ძალიან კარგად წარმოაჩინა. დაველოდოთ ბოლო ეტაპს, თუმცა ფაქტია, რომ კანონი აძლევს შესაძლებლობას პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თავად მოაწეროს ხელი, თუკი ეს ხელმოწერა არ იქნება პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტმა კონსტიტუციურ პროექტზე პრეზიდენტის ვეტო 13 ოქტომბერს დაძლია და დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელს არ მოაწერს, მისი ხელმოწერის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.