პარლამენტის ფლიგელი, სადაც ადრე შევარდნაძე იჯდა, სასემინარო შეხვედრებისთვის მოეწყობა

  11:54:56     17-10-2017

თბილისის პარლამენტის შენობის A კორპუსში, საპრეზიდენტო ფლიგელის გამოუყენებელი სივრცე საკონფერენციო და სასემინარო შეხვედრებისთვის მოეწყობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომისია უკვე მუშაობს შესაბამის პროექტზე და სარემონტო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. 

"ადრე ამ ფლიგელში შევარდნაძე იჯდა. არის ძალიან ფართო, ბევრი სივრცე, რომელიც კეთილმოსაწყობია და ვერ ვიყენებთ. თუკი რაიმე მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან, ან კონფერენციები და სემინარებია, იძულებული ვართ, სასტუმროები დავიქირაოთ. ყველაფერი სასტუმროებში ტარდება. პარლამენტში ამისთვის სივრცე არ გვქონდა. ვაპირებთ, ეს სივრცე გამოვიყენოთ. 

პარლამენტის თავმჯდომარეს, მოადგილეებს, პარლამენტარებს არ აქვთ ის პირობები შექმნილი, რომ შეხვედრები ჩაატარონ და მაღალი დონის სტუმრები პარლამენტის შენობაში მიიღონ. იმისთვის რომ ხარჯები დავზოგოთ, არ ვიქირაოთ სასტუმროები, არ გავიღოთ თანხები, ვფიქრობთ, ჩვენ თვითონვე, ჩვენივე ხარჯებით გავარემონტოთ A კორპუსის მესამე სართული. აქ მოვაწყოთ სივრცე კონფერენციების და სემინარებისთვის. ამას, ლოგიკურია, დასჭირდება შესაბამისი აპარატურა, გახმოვანება, აუდი–ვიდეო სისტემა, ავეჯი და ა.შ. რა თქმა უნდა, აქაც საუბარია იმაზე, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო მოეწყოს" – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე  თქმით, იგეგმება თბილისის პარლამენტის შენობის გარე ფასადის რეკონსტრუქცია და შიდა ეზოს მოწყობაც. 

აღნიშნულ საკითხზე მომუშავე კომისიის წევრები არიან როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან და პარლამენტის აპარატის ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი, ვისაც ეს საკითხები შეეხებათ. 

კომისია სულ 18 წევრისგან შედგება, რომელსაც ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს.