„მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პოროშენკოს ვაკისრებ და ასევე, ავაკოვს“

  10:16:56     17-10-2017

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პეტრო პოროშენკო გააფრთხილა, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან. 

ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის ზორიან შკირიაკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს და თითქოს ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას. 

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო. მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ამზადებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ისტორიაში როგორც მშვიდობიანი ამბოხების მაგალითი შევიდა. 

„ჩემი შეიარაღებული პროვოკაციების მომზადებაში დადანაშაულება სისულელეა. ნუთუ მართლა ხალხს ხროვად თვლით და ფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისულელეს მიჰყიდით? მშვიდობიანი აქციისას პროვოკაციებზე პასუხისმგებლობას პირადად პოროშენკოს ვაკისრებ და ასევე ავაკოვს“, -აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 
დღეს, კიევში, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.