„უკრაინის ხელისუფლება ჩემს მოშორებას შეეცდება, შესაძლოა, დამიჭირონ ან საერთოდ მომკლან“

  10:03:21     16-10-2017

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლება მის მოშორებას შეეცდება. 

„ზუსტად ვიცი, რომ ისინი ჩემს მოშორებას შეეცდებიან. მათ შეუძლიათ დეპორტაცია განახორციელონ, მომკლან კიდეც. ეს პრობლემა არ არის. მე ამის არ მეშინია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ხარკოვში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ასევე ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მხარდამჭერებს 17 ოქტომბერს უმაღლესი რადას წინ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა, რომელიც ანტიკორუფციული რეფორმის გატარებისა და ანტიკორუფციული სასამართლოს ჩამოყალიბების მოთხოვნით გაიმართება. 

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კლეპტოკრატიაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ბიზნესის აქტიურად წარმართვის გამო, ქვეყნისთვის აღარ სცალია.