გორგიას მფლობელის გატაცების მცდელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

  09:55:31     14-10-2017

საქალაქო სასამართლომ ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. დაცვის მხარე ვასილი ვასილიადისთვის, გურამ დგებუაძისთვის, თამაზ მენთეშაშვილისა და დავით ფოცხიშვილისთვის 5-5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა.

ჰიპერმარკეტ ”გორგიას” დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, თამაზ მენთეშაშვილი და დავით ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ბრალად მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება ედებათ.

მთავარი პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები გეგმავდნენ გია გორგოშაძის მძევლად ხელში ჩაგდებას. ამისთვის იქირავეს მის მეზობლად ბინა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ადგენდნენ დანაშაულის ჩადენის გეგმას და განიხილავდნენ მოქმედების სხვადასხვა ვარიანტებს, მისგან რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით.
შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები სამი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება