თინათინ ბოკუჩავა: ეს ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან უნიჭო დაშინების მცდელობაა

  08:18:46     11-10-2017

თბილისის საკრებულოსთან დაკავებულმა პირებმა ღამე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს იზოლატორში გაატარეს. გვიან ღამით ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და ადვოკატებმა მოინახულეს.

უფლებადამცველების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი თორნიკე ბიკაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია - ნაცემია, რაც მათივე მტკიცებით, იზოლატორში სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა. დაკავებულებს პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ.

მათთან ერთად იმყოფებოდა დეპუტატი თინათინ ბოკუჩავაც, რომელმაც დეპუტატის უფლებამოსილებით ისარგებლა და იზოლატორში მოთავსებული მეუღლის სანახავად შევიდა.

„ეს არის ივანიშვილის მარიონეტების მხრიდან უნიჭო დაშინების მცდელობა. ამით კოტე იოსელიანს ვერ შეაშინებენ, ვერც ჩვენ შეგვაშინებენ. კოტეს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, იქ ისეთი სიტუაცია იყო, მეც სერიოზულად დაჟეჟილი ვარ. პოლიციელები  პირდაპირ ძალადობდნენ -გვჭყლეტდნენ და კოტე საერთოდ გაიტაცა პოლიციელების ბრბომ მიზანმიმართულად“, - განაცხადა ბოკუჩავამ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული სულ 9 პირია, თუმცა ადვოკატის მტკიცებით, დაკავებული 14 ადამიანია. მათ შორის რიგით მოქალაქეებთან ერთად არიან პარტიის წევრები და თბილისის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი.