ალექსანდრე ქანთარია: პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, ჯანდაბას ყველაფერი, ხმებს „ნაციონალები“ დაგიმატებენო

  15:28:58     10-10-2017

კონსტიტუციის ახალ პროექტზე, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას სწორ ნაბიჯად აფასებენ კონსტიტუციონალისტები. ისინი ამბობენ, რომ სხვა შემთხვევაში პრეზიდენტს პოლიტიკური ლეგიტიმაციისგან დაცლილ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა მოუწევდა.

სამოქალაქო სექტორში დარწმუნებული არიან, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ გაითვალისწინებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და ვეტო დაიძლევა.

არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო პროექტს ერთი პარტიის დოკუმენტს უწოდებენ, რომელსაც, მათი თქმით, მხარდაჭერა არ ექნება. მათი შეფასებით, პროცესების ნორმალურად განვითარებისთვის პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ალექსანდრე ქანთარიას ესაუბრა:

-პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა უმრავლესობის შეთავაზება და ორი სადაო მუხლის ნაცვლად ვეტო დაადო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს. გასაგებია, რომ უმრავლესობა მზად არის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორია თქვენი პოზიცია იმ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური შეთანხმების საწინააღმდეგოდ გადადგა?

- პრეზიდენტი იმ ორ მოთხოვნას იზიარებდა და კიდევ დაუმატა თავისიც, სადაც იყო რამდენიმე მოთხოვნა, რაზეც იცოდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გავაკეთებდით. მან ასევე შემოგვთავაზა, თუ ხმები არ გეყოფათ და უმრავლესობაში განხეთქილება მოხდება, ჯანდაბას ყველაფერი, ხმებს „ნაციონალები“ დაგიმატებენო. ეს არ იყო მისი მხრიდან შედეგზე ორიენტირებული სვლა. საბოლოოდ გამოვიდა, რომ ეს გააკეთა მხოლოდ თავისი პირადი პრინციპებისა და იმ ხალხისთვის, ვისთან ერთადაც შეიმუშავა ალტერნატიული პროექტი.

-თქვენმა კოლეგებმა უმრავლესობიდან პრეზიდენტის ნაბიჯი გიორგი მარგველაშვილის ინტრიგნობად შეაფასეს. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

-არ მინდა ასეთი სახელებით საუბარი, მაგრამ მას ძალიან მოკლე ვარიანტი ჰქონდა, რაზეც მხოლოდ ერთი კვირა ილაპარაკებენ.

-პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი არა პარტიულ კონტექსტში გაიაზრებს, არამედ ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და უმაღლესი თანხმობის დოკუმენტს შეეფერება. როგორი იქნება უმრავლესობის პოზიცია?

-ყველა ამბობს, რომ ეს კონსტიტუცია არის იმაზე უკეთესი, ვიდრე გვაქვს. ლაპარაკი იმაზე, რომ პროპორციული თუ მაჟორიტარული 2020-ში თუ 2024-ში და ამაზე მიდი ერთი ამბავი. ლამის მაჟორიტარული სისტემა მავნებლურ სისტემად გამოიყვანონ, ეს არასერიოზულია. მე პარტიების უფრო მესმის, რომლებიც თავისი სარკმლიდან იყურებიან, მაგრამ პრეზიდენტი, რომელიც ნეიტრალური არბიტრის პოზაში უნდა იდგეს, მისი მხრიდან ასეთი მიკერძოება ნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი არ იყო კონსტრუქციული მთელ ამ პროცესში. სიმართლე ეს არის.

-ვენეციის კომისიამ ისევ გამოთქვა მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციურ რეფორმის გარშემო დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ფართო კონსესუსი ვერ შედგა. როგორ ფიქრობთ, ეს არ აისახება ქვეყნის საგარეო იმიჯზე უარყოფითად?

- ჩვენც გამოვთქვამთ მწუხარებას. რა სჯობდა იმას, რომ ყველას ხელში აგვეყვანა ეს კონსტიტუცია და ტაში დაგვეკრა ყველას ერთად. ასე არ მომხდარა არც წინა წლებში, თუმცა მაშინ არავის არაფერს ეკითხებოდნენ. არც ახლა მოხდა ასე, თუმცა, ახლა ყველას ეკითხებოდნენ და ვენეციის კომისიის შენიშვნების გათვალისწინებაც მოხდა. ბლოკებთან დაკავშირებულ შენიშვნას მე პირადად არ ვეთანხმები და მგონია, რომ ბლოკები ახლავე უნდა გაუქმდეს, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან არის კომპრომისი. ის, რომ მაჟორიტარული სისტემა, რომლის შესახებ ძალიან დიდი დისკუსიის შემდეგ მივედით რაღაც დასკვნამდე და პრეზიდენტი გვეუბნება, ახლა ეს გადააგდეთ და აგერ, „ნაციონალები“ დაგეხმარებიანო, რა უნდა ქნას უმრავლესობამ, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია? მე არ ვიცი, რამდენი კაცი ჰყავს პრეზიდენტს ადმინისტრაციაში 5 თუ 7,  ჩვენ რომ ვუთხრათ გიორგი მარგველაშვილს მაგათი აზრი არ გაითვალისწინო და აგერ, „ნაციონალები“ მოგეხმარებიანო, იმ ფონზე, როცა საკუთარი თანამოაზრეების შენარჩუნებას ცდილობს, ასე ხომ არ ხდება?

-როგორ ფიქრობთ, საბოლოოდ, ექნება თუ არა ამ ქვეყანას ერთი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კონსტიტუცია?

-კი, „ქართული ოცნების“, რომელიც აირჩია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, მაგრამ სანამ კონსტიტუცია ძალაში შევა და იცით, რომ ის ამოქმედდება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან, მანამდე ორი ცვლილებაც იქნება გათვალსწინებული. შემდეგ კი წლები გვაჩვენებს, გაამართლებს, თუ არა. ალბათ, მოვა სხვა ხალხი ხელისუფლებაში, მაგრამ ახალი კონსტიტუცია რომ თავის წინამორბედებზე გაცილებით უკეთესია, მე მგონი, ამას ყველა აღიარებს და ამიტომ პრეზიდენტს სხვა შენიშვნებიც არა აქვს. სწორედ ამიტომაა, ჩაციკლულები რომ გაიძახიან, პრეზიდენტის არჩევა და მაჟორიტარების გაუქმებაო.