კობა კობალაძე: კრიზისებმა მთელ ქვეყანას დაგვანახა, რომ უფრო მობილიზებულები უნდა ვიყოთ

  18:13:29     09-10-2017

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძე განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა ჯამში, წინა წელთან შედარებით, 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს თავდაცვის სამინისტრო და ეს გამოწვეულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით ე.წ. ფრანგული პროექტის დასრულებით.

საპარლამენტო ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არის 46 მილიონით ნაკლები თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და როგორ უნდა გადანაწილდეს ამ უწყებაში პრიორიტეტები, როგორ გაძლიერდება გაძლიერდება სამხედრო ინფრასტრუქტურა და თავდაცვითი შესაძლებლობები.

„პრესა.ჯი“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძეს ესაუბრა:

-თქვენ გაქვთ თუ არა შენიშვნები თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით, არის თუ არა ის კრიტიკული მოსაზრებები გასათვალისწინებელი, რაც ოპოზიციამ ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვისას დასვა დასვა?

-ჩვენ გვაქვს განწყობა და ყველას აზრს პატივს ვცემთ, მაგრამ მე ვერ დავინახე კრიტიკული მიდგომები და თემატური განხილვა. იყო მცდელობა რაღაც ისტერიის ფონის შექმნის. ჩვენ კონსტრუქციისთვის ვართ განწყობილი. თავიდანვე მოხდა ისე, რომ ოპოზიციამ დატოვა დარბაზი შეკითხვების დასმის შემდეგ და არ დაელოდა უწყებათაშორის განხილვებს, სადაც ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნა გაცემული. შევჯერდით პრობლემატიკაზე და იმაზე, რომ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ და მეორე მოსმენისთვის არგუმენტირებული შენიშვნების გათვალისწინებით ფინანსთა სამინისტროსთან ერთად პოზიციები ჩამოვაყალიბოთ.

-შეგიძლიათ დაასახელოთ ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას? 

-მხოლოდ თავდაცვაზე არ არის საუბარი, არის საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროზე, საუბარია არსებულ გამოწვევებზე და ა.შ. ჩვენ რეალურად ვიცით, საგანგებო სიტუაციამ, კრიზისებმა მთელ ქვეყანას დაგვანახა, რომ უფრო მობილიზებულები უნდა ვიყოთ. უნდა დავეხმაროთ უწყებებს აღჭურვილობაში, სატრანსპორტო უზრუნველყოფაში, თუნდაც იმაში, რომ მომსახურე პერსონალმა საკუთარი თავის რისკის ფასად შეასრულა დაკისრებული ამოცანები და უნდა გვყავდეს უზრუნველყოფის ზრდისა და  პირობების გაუმჯობესების ტენდენციით. ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებული.

-როგორც ამბობენ, ბიუჯეტში არ ჩანს სწორედ ის პრობლემები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება კრიზისული სიტუაციების სფეროს გაუმჯობესებას იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი სოლიდურად არის გაზრდილი... 

-პირიქით, ამ მუხლზე არის გათვალისწინებული რამდენიმე ათეული მილიონით ზრდა. უბრალოდ, მიზნობრიობა, ურთიერთმიმართება კრიზისების მართვის ცენტრთან, საგანგებო სიტუაციებთან, შსს-სთან, თავდაცვის სამინისტროსთან ერთობლივად უნდა იქნას განხილული და ამ მიმართულებით მუშაობის პროცესი დაივიწყეთ. გვაქვს კონკრეტული შენიშვნები, რომლებიც უწყებათაშორის განხილვაზე დეტალიზაცია შეიძინა და ახლა მუშაობის პროცესზე გადავალთ. ჩვენ ფოკუსირებას გავაკეთებთ კონკრეტულ პრობლემებზე.