"რა გაყვირებს, გოგო" - გია ვოლსკისა და სალომე სამადაშვილის დაპირისპირება პარლამენტში

  15:48:06     09-10-2017

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე,  2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ერთმანეთს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდნენ.

სალომე სამადაშვილის ინტერესს წარმოადგენს იგეგმება თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას, რადგან მისი აზრით, არანაირი საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემა არ მუშაობს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, კრიზისის დროს საქართველომ დახმარება რუსეთს სთხოვა, რომელიც ამ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის შეკითხვებს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.

"ფაქტია, რომ საკითხი პროფესიონალურად იხილება, ვიღაცას შეიძლება გააჩნია შენიშვნები, მაგრამ ამ საქმიანი ვითარებიდან, რაზეც მშვენიერი პასუხი გასცა თავდაცვის სამინისტრომ ციფრებით, პროცენტულად, რომ ვერაფერი გამოდნა, აქედან გამომდინარე, იმის ლაპარაკი, რომ იქ დახურული, ნდობის ჯგუფი არ მოქმედებს, ეს სხვა თემაა“, - განაცხადა ვოლსკიმ, რაზეც სალომე სამადაშვილმა მიუგო, რომ ”ეს სხვა თემა არ არის”.

„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა გია ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა განერვიულებულმა უპასუხა, რომ ასე მან უნდა მიმართოს ვინმე სხვას, ან სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს.

"ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრებს ელემენტარული ზრდილობის გრძნობა არ აქვთ, - განაცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა  გია ვოლსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. 

"აქ არიან შეკრებილები იმისთვის, რომ ჩაფარცხონ ყველა შეკითხვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებასთან ჰქონდეს, რომ არ მოგვცენ ჩვენ შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრებს, გამოვიყენოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დავიცვათ საზოგადოებრივი ინტერესები ამ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეკითხვები, თუ კონკრეტულად რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა და უმრავლესობის წარმომადგენლები ხელს აფარებენ მთავრობის წარმომადგენლებს იმის ნაცვლად, რომ იგივე შეკითხვებს თავად უსვამდნენ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს თურმე გაზრდილი ბიუჯეტის დახარჯვას აპირებენ ქვეყნის პირველი პირის გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე, მისთვის ახალი ჯავშნიანი მანქანის საყიდლად და ახალი დაცვის ოფიცრების დასაქირავებლად. სწორედ ამაშია საქმე, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და პასუხი არ აქვთ შეკითხვებზე, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის კეთილდღეობის განმტკიცებისთვის როგორ აპირებენ სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.