ირაკლი კობახიძე: ვენეციის დასკვნა არის პოზიტიური

  14:55:15     06-10-2017

ვენეციის კომისიის დასკვნით აღიარებულია პროგრესი, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების სახით მიაღწია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით,  საბოლოო დასკვნა თითქმის სრულად შეესაბამება იმ დოკუმენტს, რომელიც პარლამენტმა წინასწარი შეფასების სახით, საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებამდე მიიღო. 

„დასკვნა არის პოზიტიური. ჩვენ წინასწარ გვქონდა საუბარი იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც გამოიგზავნა ვენეციის კომისიის მხრიდან ერთი კვირით ადრე და დაახლოებით, შეესაბამება ეს დასკვნა იმ წინასწარ დოკუმენტს, რომელიც იქნა გამოგზავნილი. დოკუმენტი არის აბსოლუტურად პოზიტიური და აღიარებულია ის ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც მიაღწია საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების მხრივ. გარდა ამისა, დღეს არაერთი განცხადება გაკეთდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მხრიდან, ასევე, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც წერდნენ დასკვნას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და მათ უაღრესად დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესის შეუქცევად გაგრძელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.