
"ბავშვი რომ დაინახავს სხვა ბავშვი ვაშლს ჭამს, ისიც ვაშლს შეჭამს და არა ლობიანს"
16:27:03     05-10-2017
მეორე დღეა, რაც თბილისში სკოლის მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზია, სადაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2 200 ვაშლს შეიტანა.
სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს. ტენდერის პირობებში პროექტის მოქმედების ვადად მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდია დასახელებული. გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალ წელს, ჯერჯერობით უცნობია.
„პრესა.ჯი“ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძეს ესაუბრა:
- დღეს პარლამენტში მასწავლებლის საერთაშორისო დღე პომპეზურად აღინიშნა. რამდენად სასიკეთო ტენდენციებია საგანმანათლებლო სფეროში, რომელიც დღეს ხაზგასმას იმსახურებს?
- მასწავლებლის საერთაშორისო დღე იუნესკოს მიერ 1976 წლიდან აღინიშნება და მისასალმებელია, რომ პარლამენტმა სკოლების პედაგოგებთან მასშტაბური შეხვედრა მოაწყო. ამ საღამოსვე გაიმართება გამოცდილი პედაგოგების დაჯილდოება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მასწავლებელი თანდათან ხდება პრიორიტეტული პროფესია. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ მომავალი წლისთვის განათლების ბიუჯეტი გაზრდილია. ასევე დაიწყო იმ მასწავლებლებისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, რომლებიც გახდნენ მენტორები და ა.შ.
- გუშინ ძალაში შევიდა სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ყბადაღებულ თემად იქცა. რამდენად ეფექტურ შედეგებს ელოდებით იმ კონკრეტულ ვადებში, რომლის პირობებშიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოსწავლეებს ვაშლები უნდა დაურიგოს?
- სულ ტყუილად გახდა ვაშლების პროექტი ყბადაღებული თემა. ეს ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი შევიდეს და დამკვიდრდეს ჩვენს ახალგაზრდა თაობაში. დღევანდელი თაობა ჩემი შვილიშვილების ჩათვლით საერთოდ არ ეკარებიან ხილ-ბოსტნეულს და გადასული არიან „მაკდონალდსის“ მენიუზე. სკოლის ბუფეტებშიც ძირითადად ხაჭაპური და ლობიანი იყიდება.. ასეთ დროს, ბავშვები ერთს რომ დაინახავენ ვაშლს ჭამს, მეორეც შეჭამს და ეს იქნება პატარა ნაბიჯი გადადგმული ჯანმრთელი ცხოვრების წესისკენ.
- კრიტიკოსების მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ვაშლის პროექტი საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა იმ სოციალური პრობლემების ფონზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ასევე არაერთი საკითხია მოსაწესრიგებელი თავად განათლების სისიტემაში...
- არაფერი ძვირი პროექტი არ არის, სკოლაში შესატანი ვაშლი ზუსტად ის ფასი ღირს, რაც ბაზარში. როდესაც ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, არ მინდა სამედიცინო წიაღწსვლებში შესვლა, მაგრამ დღეში ერთი ვაშლით ბავშვები ვიტამინების მიღებას მიეჩვევიან. დამატებითი ღონისძიების გარეშე მშობლები ვერ უზრუნველყოფენ იმას, რომ საჭირო ვიტამინები მიაწოდონ ბავშვებს. სკოლაში კი, ვაშლის ჭამის პროცესი გადამდები გახდება, რასაც შემდგომში სხვა ნაბიჯები მოჰყვება.
- განათლების სფეროში ამჟამად რა ინიციატივები გაქვთ და იგეგემება თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები საგანმანათლებლო მიმართულებით?
- სამინისტროში უკვე მზად არის პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მალე შემოვა პარლამენტში და დავიწყებთ მის განხილვას. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ეს არის, შემდეგ კი, თანდათანობით იქნება კანონპროექტები უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე, სკოლამდელი აღზრდის სტანდარტები, რომელიც უკვე გაკეთდა და ძალიან მნიშვნელოვანია.
- როგორ ფიქრობთ, გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი უმრავლესობის შეთავაზებას, ვეტო დაადოს კონსტიტუციური პროექტის მხოლოდ ორ სადაო მუხლს, რომელსაც მმართველი გუნდი არ დაძლევს?
- თუ ამ ორ მუხლს პრეზიდენტი თავის ვეტოში ასახავს, ეს იქნება კონსესუსის მაგალითი და უფრო დაჩქარდება იმ მუხლების მიღება, რომელსაც ვენეციის კომისია გვთხოვს. ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება ინიცირება. თუკი, შენიშვნები ვეტოს სახით შემოვა და მას გავიზიარებთ, ასეთ შემთხვევაში ნაბიჯებს წინ უფრო სწარაფად გადავდგამთ.
- თუკი პრეზიდენტი ვეტოს მხოლოდ სადაო მუხლებს დაადებს, ჩაითვლება რომ ვენეციის კომისიის მოთხოვნა პოლიტიკური კონსესუსი შესახებ შედგა?
- ცხადია, როცა პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის იქნება თანხმობა, ძალიან კარგი იქნება ქვეყნის შიდა თუ გარე იმიჯისათვის და რაც მთავარია, ჯანსაღი კონსტიტუციის დროულად მიღებისთვის.