„პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული 2 საკითხი კონსტიტუციაში დროულად აისახოს“

  18:08:25     04-10-2017

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. პრეზიდენტი და დეპუტატები ერთმანეთს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ და გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის მთავარი კანონის იმ პუნქტებს აცნობდნენ, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან.შეხვედრის დასრულების შემდეგ "ქართული ოცნების" წევრებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტლება. 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. ჩვენ განვიხილეთ ახალი კონსტიტუცია და მასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტი ხედავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად განხორციელდა, ასევე, ეთანხმება, რომ ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა, დროულად განხორციელდეს. ჩვენ დაველოდებით უკვე მისგან საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება მიღწეული",- განაცხადა თალაკვაძემ.