"დაიკითხებიან, როგორც ადვოკატები და პროკურორები, ისე ჟურნალისტები"

  14:24:34     04-10-2017

"ჩვენ ყველაფერზე პასუხს მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით გავცემთ", - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

მისივე განმარტებით, დაიკითხებიან, როგორც ადვოკატები და პროკურორები, ისე ჟურნალისტები.

„აინტერესებთ ვის მიერ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, ანუ ვინ მიაწოდა გავრცელებული ჩანაწერები მასმედიას. ჩვენ ამ ყველაფერზე პასუხს მაგისტრი მოსამართლის თანამონაწილეობით გავცემთ.

შესაბამისად, ყველანი სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავიკითხებით.

ჩვენების მიცემაზე უარი არ განმიცხადებია, თანახმა ვარ ჩვენება მივცე, ოღონდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

რაც უფრო მეტი ადამიანი და სისტემა იქნება ჩართული, უფრო სამართლიანი იქნება ყველაფერი. ნდობა არ ნდობის ფაქტორი არ არის, უბრალოდ ასეთი პრინციპი მაქვს, ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს.​ დაიკითხებიან, როგორც ადვოკატები და პროკურორები, ასევე ჟურნალისტები", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც პროკურატურის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. 

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების, გამოძიების მონაცემების მედიასაშუალებებით გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ადვოკატების ნაწილი დღეს, ნაწილი კი, ხუთშაბათს გამოცხადდება.