სერგი კაპანაძე: "პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის კურთხევით გამოჩნდა

  16:11:00     02-10-2017

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი 2018 წლის კანონპროექტი დარეგისტრირდა. მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი კანონპროექტი 30 სექტემბერს გადმოუგზავნა. პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბრის თვეში მიიღებს. ბიუჯეტის ახალ კანონპროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმცირესობა.

„პრესა.ჯი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, უმცირესობის წარმომადგენელს, სერგი კაპანაძეს ესაუბრა:

- მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ეკონომიკური ზრდა და გაწერილია კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც კრიტიკულად უკვე შეაფასა ოპოზიციამ. თქვენ რამდენად გაკმაყოფილებთ მთავრობის მიერ წარმოდგენილი პარამეტრები და  რა  მიმართულებით გექნებათ შენიშვნები?

- ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც ჩანს, რომ არ არის გათვალისწინებული მომდევნო წელს პენსიების ზრდა. არ არის გათვალისწინებული გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რომელიც ქვეყანაში რეალურად არსებობს. არ არის გათვალისწინებული სოციალური დახმარების აღდგენა, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს უსამართლოდ მოეხსნა. არ არის გათვალისწინებული რეგიონების დაფინანსების ზრდა, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა. ცალკე პრობლემაა ის, რომ ჩვენი მრავალგზის მოწოდების მიუხედავად, მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა არ აპირებს, შეიმციროს ადმინისტრაციული ხარჯები. ამასთან, კიდევ უფრო იზრდება საგარეო ვალი, რაც ნიშნავს, რომ  თითოეულ მოქალაქეს მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს.

- თქვენ დაასახელეთ სფეროები, რომლებსაც დაფინანსება რამდენიმე მილიონი ლარით ეზრდება...

​- რაც არის გაზრდილი, ეს არის ჯანდაცვის საყოველთაო მიმართულება, რაც რეალურად არის უძირო ქვევრი, რომელშიც რაც არ უნდა ბევრი ფული ჩაიყაროს, ჯამში ეს დაფინანსება ამ სფეროს არ ჰყოფნის. საკითხები, რომელზეც მე ვისაუბრე, პენსიების და სოციალური დახმარებების კუთხით დაფინანსების ზრდა ამ პროექტში გათვალისწინებული არ არის.

- კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად კვირაზე ცოტა მეტი დრო აქვს დარჩენილი.  თქვენი აზრით, უნდა დაადოს თუ არა ვეტო კონსტიტუციურ პროექტს, იმის მიუხედავად, რომ მას უმრავლესობა კონსულტაციებს სთავაზობს? 

-კონსტუტუცია, რომელიც ყოვლად სამარცხვინო პროცესის შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, არის ერთპარტიული კონსტიტუცია და მას რომ მხარს არავინ უჭერს, ძალიან ნათლად გამოჩნდა. ამიტომ ვეტო პრეზიდენტის მხრიდან იქნება აბსოლუტურად ლოგიკური, თუმცა, ეს ვეტოც დაძლეული იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან და გაფორმდება ერთი კაცის კარნახით დაწერილი კონსტიტუცია. რაც შეეხება კონსულტაციებს, ისე როგორც მთლიანად ამ პროცესში, ბევრჯერ აჩვენა "ქართულმა ოცნებამ", რომ ის არანაირი კონსულტაციებით დაინტერესებული არ არის, ყველანაირი შეთავაზება კონსულტაციებთან დაკავშირებით, უბრალო პიარ-სვლა იყო, თორემ რეალურად, არც პრეზიდენტთან  და არც ოპოზიციასთან საუბრის რეალური ინტერესი მათ არ გამოუჩენიათ.

- რა არის ამ კონსტიტუციის მთავარი პრობლემა, რის გამოც მოუწოდებთ პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება?

- ამ კონსტიტუციის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პროპორციული წესით არჩევნები 2020 წელს არ ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მოლოდინი ყველას მხრიდან ძალიან დიდი ხანია არსებობს და თავად „ქართლი ოცნებაც“ ბოლო რვა წლის განმავლობაში ამბობდა, რომ უნდა შემოღებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა. მეორე პრობლემა პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმებაა, რაც საბოლოო ჯამში ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ერთი ადამიანის ხელში ახდენს ძალაუფლების კონცენტრაციას.

- „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტაცია უკვე მეორედ გაემგზავრა მოსკოვში რუს კოლეგებთან შესახვედრად. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და რა მექანიზმი არსებობს საიმისოდ, რომ თვითნებური პარტიული ვიზიტები ოკუპანტ ქვეყანაში არ ხორციელდებოდეს?

- ის, რომ  კონკრეტული ფრაქცია  პარლამენტის ფარგლებში უკვე მეორედ მოგზაურობს მოსკოვში, მიუთითებს, რომ პრორუსული ფრთა საქართველოში სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო გაძლიერდა. ბუნებრივია, ეს „ქართული ოცნების“ ხელდასმით ხდება.  სხვათაშორის, „პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის კურთხევით გამოჩნდა. კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა თავის დროზე, რომ სწორედ ასეთი ოპოზიციის ხილვა სურდა მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად. სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების და ამ პოლიტიკური ძალის უნისონში მოქმედება. საბოლოო ჯამში კი, ამით ხდება ჩვენი საერთაშორისო პოზიციების დასუსტება და რუსეთის პოზიციების გაძლიერება ჩვენთან მიმართებაში.