
"ქართული ოცნება“ ვერ გამოიყვანს ქვეყანას იმ უძრაობიდან, რაშიც თავადვე შეიყვანა"
11:44:06     30-09-2017
ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება. მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა აგვისტოში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა”, - ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.
მისი თქმით, 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.
მისივე თქმით, განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც.
როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც.
“იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა. ფასების ზრდა კი “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.