ირაკლი აბესაძე: აბსოლუტურად უკონტროლოა „ქართული ოცნება“

  16:10:35     29-09-2017

„აბსოლუტურად უკონტროლოა „ქართული ოცნება“, ერთადერთ გადაწყვეტილებას, რასაც ის იღებს, ეს არის ბიძინა ივანიშვილისთვის სარეკრეაციო სივრცეების უშურველად გადაცემა“, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საკრებულოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, საკრებულოს სხდომა  „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

„ევროპული საქართველო" იყო პირველი, ვინც გააპროტესტა თავის დროზე ბოტანიკური ბაღის გადაცემა ბიძინა ივანიშვილისთვის. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ იქ აჩუქეს 297 ათასი კვადრატული მეტრი მიწა, ახლა დამატებით სურთ, რომ აჩუქონ 5000 კვადრატული მეტრი. ”ევროპული საქართველოს” წევრები, მათ შორის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დავესწარით კომისიის სხდომას, რომ მოგვესმინა, შინაარსობრივად რა საკითხს იხილავდნენ. სწორედ იქ დადასტურდა, რომ საკითხი არის აბსოლუტურად მოუმზადებელი. მზად არიან ბრმად შეასრულონ ივანიშვილის დავალებები. კანონის უხეშად დარღვევით, ძალადობით დაატოვებინეს ელენე ხოშტარიას საკრებულოს სხდომათა დარბაზი, რომელიც სწორედაც მოქალაქეების თავშეყრის ადგილია და არა ივანიშვილის ინტერესების სანოტარო კანტორა”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების გამო შეწყდა. ამჟამად საკრებულომ მუშაობა განაახლა.