15:52:16     29-09-2017
მამუკა მდინარაძე ცესკოს მოუწოდებს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ცესკოს მოუწოდებს, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე, რათა საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.
მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" კვლევას, რომლის თანახმად, წინასაარჩევნოდ 40-მდე დარღვევა გამოვლინდა და ამ კუთხით "ქართული ოცნება" ლიდერობს.
მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი თემა, რომელიც შეიძლება იყოს დაფიქსირებული, უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა.
"ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ გარკვეული არასამთავრობოები თავიანთ დასკვნებში გარკვეულ ტენდენციას ამჟღავნებენ, თუმცა ნებისმიერი ფაქტი, რომელიც აღნიშნულია მათ დასკვნებში, ყურადღება მისაქცევია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცესკოს, რომ მოახდინოს მკაცრი რეაგირება მსგავს ფაქტებზე", - განაცხადა მდინარაძემ.
მანვე გაავრცელა ინფორმაცია დარღვევის შესახებ, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, გავლენა მოახდინოს ამომრჩეველზე კანონსაწინააღმდეგო ქმედებით.
"ვიდეოში ჩანს, რომ ბათუმის ნომერ პირველი საარჩევნო უბნის წევრი მარინა ჟღენტი ღიად ახორციელებს "ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციას, აწვდის შესაბამის დოკუმენტაციას და პარტიის სააგიტაციო მასალას ამომრჩეველს, რაც კანონდარღვევაა. ეს ქმედება აკრძალულია კანონით. ქალბატონი ასევე აცხადებს, რომ დავალება მიღებული აქვს ”ნაციონალური მოძრაობის” შტაბიდან. მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე არის ეს, თუ როგორ ცდილობენ ნებისმიერი მეთოდით მოახდინონ გავლენა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე. მივმართავთ ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მოახდინოს რეაგირება", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
0