პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში, უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს

  11:20:30     28-09-2017

პრეზიდენტთან შეხვედრის შემთხვევაში უმრავლესობას მისი ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს. 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება შეკითხვას, თავად ის თუ შეხვდება პრეზიდენტს, მისი თქმით, თუ შეხვედრა იქნება შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს არის ასეთი შეხვედრის გამართვა შესაძლებელი. 

"თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.