საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს გაიმართება

  09:29:11     28-09-2017

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზების განსახილვევად გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებს დღეს შეხვდება.

შეხვედრა 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია პრეზიდენტის სასახლეში მისვლას აპირებს. მათი განცხადებებით, გიორგი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუმცა მოტივირებულ შენიშვნებად იმ პროექტს წარადგენს, რომელიც მათთან ერთად შეიმუშავა.

უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ კონსულტაციებისთვის მზად არიან, თუმცა ის მხოლოდ მათსა და გიორგი მარგველაშვილს შორის უნდა გაიმართოს.

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენება პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ თავად შესთავაზა და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტს მხოლოდ ორი შენიშვნა - ბონუსების გაუქმება და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება - წარედგინება, ვეტო არ დაიძლევა. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. კონსტიტუციის ახალი რეაქცია პარლამენტმა ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნა.

პრეზიდენტმა მმართველ გუნდს და ოპოზიციას კონსულტაციებს გუშინ შესთავაზა. 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო, ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.