კონსტიტუციის დონეზე პირველად განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციონალური დაცვის გარანტია

  15:52:06     27-09-2017

პარლამენტის მიერ  კონსტიტუციის დონეზე  პირველად განისაზღვრა ადვოკატის ინსტიტუციონალური დაცვის გარანტია.

ცოტა უფრო ადრე 2016 წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინიციატივით სისიხლის სამართლის კოდექსში შევიდა შესაბამისი ცვლილება, რომლითაც ადვოკატის პროფესიის დაცვა გაუთანაბრდა სისიხლის სამართლის პროცესის დროს მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის დაცვის გარანტიებს და დაემატა მათ ჩამონათვალს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, “ადვოკატთა შესახებ“ კანონსა და “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონში ცვლილებები იგეგმება, რომელიც პარლამენტში უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული. 

ცვლილებების მიხედვით, ადვოკატთა სამართლებრივი დაცვის განმსაზღვრელ თავს ემატება საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული პრინციპი, რომ “დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედება, დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენება, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა“. 

ცვლილების თანახმად, კონფიდენციალობის პრინციპი მყარდება და ხაზგასმა ხდება, რომ ადვოკატი ვალდებულია არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა და საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციულური ინფორმაცია). ამასთან, გამონაკლისის სახით მიეთითება, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი უფლების დაცვის დროს ან/და კლიენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. 

ზუსტდება იმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც კონკრეტულ საქმესთან მიმართებით არ ექნებათ ადვოკატის ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება. 

ზუსტდება კანონის ჩანაწერი, რომლის თანახმად ადვოკატი ვერ გახდება პირი, რომელიც არის ნასამართლევი, როგორც განზრახ მძიმე, ისე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.