"რაშა თუდეის" აშშ-ში უცხოელ აგენტად დარეგისტრირებას სთხოვენ

  13:27:08     27-09-2017

სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დეზინფორმაციის შესახებ ვაშინგტონში მოწვეულ პირველ ტრანსატლანტიკურ ფორუმზე რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული "რაშა თუდეის" უცხოელ აგენტად დარეგისტრირების თემას არაერთხელ შეეხნენ. ამ ინიციატივით თავიდან ამერიკელი სენატორები გამოვიდნენ, სექტემბრის დასაწყისში კი ატლანტიკურმა საბჭომ სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ანგარიშის მომზადებიდან, დაახლოებით 2 კვირაში, როგორც “რაშა თუდეიმ” განაცხადა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა წერილი გაუგზავნა მათთან აფილირებულ კომპანიას და უცხოელ აგენტად დარეგისტრირება მოსთხოვა. ამერიკელი კანონმდებლების და იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნას ვაშინგტონში არაერთი ანალიტიკოსი ეთანხმება.

ექსპერტები განმარტავენ, რომ ტელეარხის მაუწყებლობას ხელი არ შეეშლება. საზოგადოებამ კი უნდა გაიგოს, რომ ინფორმაციის უკან, რომელსაც იღებენ, უცხო ქვეყნის მთავრობა დგას. ამერიკელი სპეციალისტები ასევე აუცილებლად მიიჩნევენ, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ევროპამაც გააძლიეროს.

ტრანსატლანტიკურ ფორუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი სენატორი რონ ჯონსონი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპელებს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ვალდებულებები, კერძოდ კი თავდაცვისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის კონტრიბუცია.

საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე ატლანტიკურ საბჭოში დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა. მან რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ის მიზანი, რომელსაც ამ თვალსაზრისით შეიძლება ემსახურებოდეს რუსული პროპაგანდა არის საქართველოში ევროკავშირსა და ნატოს მხარდამჭერის შემცირება, სწორედ ჩვენი მიზანია, რომ ეს ეფექტი რეფორმების გზით მიღწეული ვერ იქნას,“- განაცხადა ბაქრაძემ.