თელავში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

  11:53:56     27-09-2017

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული გ. ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი - 1979 წელს დაბადებული გ. რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ. ბ. მომხდარიდან 3 საათში გურჯაანში, სოფელ ველისციხეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).